პოლიციელი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ მას მონა დაუძახა, თუმცა არ იცის, რა ენაზე - რა ხდებოდა ბათუმის სასამართლოში

08.08.23 19:19
პოლიციელი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ მას მონა დაუძახა, თუმცა არ იცის, რა ენაზე - რა ხდებოდა ბათუმის სასამართლოში

ანტისაოკუპაციო აქცია ბათუმის პორტთან - ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. "ბათუმელების" ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე  ჩვენება მისცა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელმაც განმარტა, რატომ დააკავეს უკრაინის მოქალაქე. სასამართლოში უკრაინის მოქალაქის მარინა ჩობანიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იცავს.

პოლიციელი ამბობდა, მონა გვიწოდა ქალბატონმა მარინამო, თუმცაღა ვერ თქვა, რა ფორმით უწოდა მონა. ქართულ ენაზე ის მონას ვერ უწოდებდა, იმიტომ, რომ ქართული არ იცის. ვერ განმარტა, რუსულად როგორ შეეძლო ეწოდებინა, რომ მონა იყო რომელიმე პოლიციელი“, – ამბობს თამარ წულუკიძე.

წულუკიძის თქმით, დაკავების დროს პოლიციელს უკრაინის მოქალაქისთვის მისი უფლებები არ განუმარტავს, თანაც საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოლიციელმა, ვინც მარინა ჩობანიანი დააკავა, რუსული ენა არ იცის. 

კომუნიკაციაში ვერ შედიოდა როგორც საჭირო იყო. იმ მუხლებისთვის, რომელსაც იყენებენ მარინასთან მიმართებაში, აუცილებელია სახეზე იყოს პოლიციელის მხრიდან მოწოდება, რომ კონკრეტული მოქმედება შეზღუდოს [მოქალაქემ] და აღარ განახორციელოს. პოლიციელმა არ იცოდა რუსული ენა, შესაბამისად ის ვერ მოუწოდებდა [მარინა ჩობანიანს], რომ მოქმედება შეეწყვიტა,“ - ამბობს წულუკიძე.

ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 31 ივლისს უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს. მას ამ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.