მათ, ვინც ევროპაში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას სკეპტიკურად უყურებს, "ოცნება" სააკაშვილის მოკავშირედ აცხადებს

09.08.23 13:29
 მათ, ვინც ევროპაში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას სკეპტიკურად უყურებს, "ოცნება" სააკაშვილის მოკავშირედ აცხადებს

"ოცნება" ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს შარშანაც იმსახურებდა და ახლაც არ უნდა დაიჩაგროს. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველო "ტრიოში" ისევ ლიდერია. 

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ლიდერების სკეპტიციზმის მამოტივირებელი არის არა თუ შეუსრულებელი პირობები და მძიმე პოლიტიკური ვითარება საქართველოში, არამედ სააკაშვილთან მეგობრობა და პარტნიორობა. 

ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ იმისთვის, რომ მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესში, საჭიროა სააკაშვილთან მეგობრობაზე გადაბიჯება.

თუ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ამის განჭვრეტა არის რთული. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ განწყობებზე, სამწუხაროდ, არიან, რა თქმა უნდა, სკეპტიკოსები, განსაკუთრებით, ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილთან მათ კავშირებს და აქედან გამომდინარე, ვნახეთ, მათ შორის გარკვეული დეზინფორმაციული ტალღები სხვადასხვა მხრიდან, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის სხვადასხვა ასპექტებს. ამიტომ ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ყველა გადააბიჯებს თავის პარტიულ კავშირებს თუ ა.შ. ვგულისმობ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ობიექტურად, საქართველოს  მიმართ იქნა მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება შარშან ივნისს, ლიდერი ქვეყანა დაიჩაგრა. საქმე იმაში არის, ევროკავშირი ამ შემთხვევაშიც დაჩაგრავს თუ არა ლიდერს და მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, თუ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას". - ამბობს პაპუაშვილი. 

ევროკომისიამ საბოლოო ანგარიშის მომზადება უკვე დაიწყო. რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ პოზიციური გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო სავარაუდოდ, დამატებით რეკომენდაციებსაც მიიღებს, რადგან 27 ევროპულ ლიდერს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.  

იოზვიაკი ამბობს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ისევ რჩებიან სკეპტიკოსები, რომლებსაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ატმოსფერო არ მოსწონთ და არ არიან კმაყოფილი, თუ რა ხდება თბილისში. 

მსგავსი სიახლეები