მალე მწერალთა სახლიც „ოცნების“ პარტიულ ოფისად გადაიქცევა - დეა მეტრეველი
მალე მწერალთა სახლიც „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისად გადაიქცევა - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც მწერალთა სახლის ხელმძღვანელად პარლამენტის წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას გამოეხმაურა.
მეტრეველის თქმით, პარტიული ერთგულების ნიშნით ხელმძღვანელების შერჩევა და მათთვის კულტურული ორგანიზაციების მართვის ჩაბარება, ქართულ კულტურას საფრთხეში აყენებს.
მეტრეველი ამბობს უნდა შეიცვალოს კულტურის მიმართ სახელმწიფოს საკადრო და დაფინანსების პოლიტიკა.
„მანკიერი და მახინჯი პრაქტიკა სახელმწიფო სახელოვნებო ორგანიზაციებში ერთპიროვნულად, ყოველგვარი არჩევითობის პრინციპების გარეშე, ხელმძღვანელების დანიშვნა უნდა დასრულდეს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს კულტურის მიმართ სახელმწიფოს საკადრო და დაფინანსების პოლიტიკა, თუ გვინდა ჯანსაღი, თავისუფალი და წარმატებული კულტურული პროცესების განვითარება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც 2014 წლიდან ვხელმძღვანელობდი, 2019 წელს ხელისუფლებამ დახურა. მწერალთა სახლი იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, აგრძელებდა ქართული ლიტერატურის და საგამომცემლო სფეროს მხარდაჭერას და, შეძლებისდაგვარად, ხელისუფლების დიდი წნეხის ფონზე, მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროდ, მწერალთა სახლის დებულება კონკურსის გზით დირექტორის არჩევითობას არ ითვალისწინებდა, რაც სამინისტროს სრულ თავისუფლებას აძლევდა ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება დებულებას გადაწერ-გადმოწერდა და თავისას მაინც გაიტანდა, თუმცა ეს შედარებით უფრო გრძელი და რთული გზა იქნებოდა. მწერლებსაც და გამომცემლებსაც ექნებოდათ უფრო მეტი ბერკეტი ასეთი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის.
ჩემი სრული მხარდაჭერა მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებს, გამომცემლებს და მთარგმნელებს!“- აცხადებს დეა მეტრეველი.
ცნობისთვის, სსიპ „საქართველოს მწერალთა სახლს“ 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.