ქართველი ჰეროსტრატე, რომელიც აჩანაგებს ყველაფერს ცოცხალს და თვითკმარს კულტურაში - ამაღლობელი წულუკიანზე

10.08.23 18:30
ქართველი ჰეროსტრატე, რომელიც აჩანაგებს ყველაფერს ცოცხალს და თვითკმარს კულტურაში - ამაღლობელი წულუკიანზე

"კულტურის მინისტრი ნამდვილად დიდოსტატია დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი წარმატებული ინსტიტუტების ნგრევაში. ქართველი ჰეროსტრატე, რომელიც აჩანაგებს ყველაფერს ცოცხალს და თვითკმარს კულტურაში," - ასე ეხმაურება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად პარლამენტის დეპუტატის დანიშვნას პოეტი რატი ამაღლობელი.

რატი ამაღლობელი იმ როლზე საუბრობს, რაც ნატა ლომოურმა მწერალთა სახლის განვითარებში შეიტანა. პოეტი კულტურის მინისტრის საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ წულუკიანი დამოუკიდებელ, წარმატებულ ინსტიტუტებს ანგრევს.

მახსოვს, პირველად სრულიად ჩამოფხაულ მწერალთა სახლში ნატაშამ მიმიყვანა და მიყვებოდა თუ რას აპირებდა, როგორც კონცეპტუალური, ისე მისი სივრცითი გააზრებისა და მოწყობის თვალსაზრისით. მისმა შრომამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მწერალთა სახლმა, ვფიქრობ პიველად მოიპოვა დავით სარაჯიშვილის მიერ ჩაფიქრებული აუთენტური კონტექსტი, უნიკალურად აღდგენილ იერ-სახესთან ერთად, მწერალთა სახლი სრულიად გაიხსნა თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესებისათვის, გახდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დამაარსებელი და მასპინძელი, უამრავი უცხოელი ვიზიტორის მეხსიერებაში შენახული წარუშლელი შთაბეჭდილებების აღმძვრელი ადგილი. მწერალთა სახლთან დაკავშირებით კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვნა შეიძლება, რითაც თანამედროვე საქართველო ლეგიტიმურად უნდა იწონებდეს თავს. თუმცა ნატაშას შექმნილი მწერლის სახლის განვითარების ისტორია დღეს ერთი ხელის მოსმით დასრულდა. კულტურის მინისტრი ნამდვილად დიდოსტატია დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი წარმატებული ინსტიტუტების ნგრევაში. ქართველი ჰეროსტრატე, რომელიც აჩანაგებს ყველაფერს ცოცხალს და თვითკმარს კულტურაში. სანუგეშოდ კი ის შემიძლია ვთქვა რომ - იმედია ჩვენი განვითარება მალე დაუბრუნდება საკუთარ ბუნებრივ რიტმსა და კალაპოტს, სადაც ნატა ლომოური კვლავ არაერთ პროექტს და პლატფორმას შექმნის ჩვენი კულტურის შეუქცევადი განვითარებისათვის," - წერს ამაღლობელი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები