"შიშის დანერგვა", "ძველი კადრები ვრცელდება" - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ცდილობს
"ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას იმისა რომ, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება," - ამ განცხადებით პასუხობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შიშებს და კრიტიკას.
წერეთელი ამტკიცებს, რომ რიკოთზე საშიში მდგომარეობა არ არის და კრიტიკული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ შიშის დათესვას ემსახურება.
ბოლო დღეებია გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ძალიან ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ და სხვადასხვა ადამიანების მიერ. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებები არის იმის მანიშნებელი, რომ გარკვეულწილად ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას იმისა რომ, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება.
მინდა მოგახსენოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩვეულებრივად სამშენებლო სამუშაოები მიდის. გეგმაზომიერად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება," - ამბობს წერეთელი.
წერეთლის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ.
ყველა ფერდი, ყველა სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს, ესაა სამუშო პროცესი. ის მოვლენები, რომელიც მოხდა რიკოთის მონაკვეთზე, ეს იყო სამშენებლო პროცესში გამოწვეული მოვლენები და სამწუხაროდ, დღეს ყველა კადრი, რომელიც ვრცელდება ამა თუ იმ ტელევიზიაში, არის ძველი კადრები ამოღებული, თვეების უკან გადაღებული და თქვენ თუ დღეს ჩახვალთ რიკოთის უღელტეხილზე და ნახავთ იმ კადრებს, რომელსაც იყენებთ, ნახავთ, რომ იქ სხვა სურათია და სხვა მდგომარეობაა,'' - განმარტა წერეთელმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.