10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის მშენებლობაში ჩართული არცერთი კომპანია დასანქცირებული არ არის - მინისტრი

11.08.23 19:03
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის მშენებლობაში ჩართული არცერთი კომპანია დასანქცირებული არ არის - მინისტრი

"10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის მშენებლობაში ჩართული არც ერთი კომპანია დასანქცირებული არ არის," - ეს განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან რიკოთის უღელტეხილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

მინისტრი ამტკიცებს, რომ უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს, რიკოთის უღელტეხილს სანქცირებული კომპანიები აშენებენ.

საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანია სანქცირებულია და საქართველოს მთავრობამ რიკოთის გვირაბი მისცა, პროექტი ჩააბარა, არავისთვის არაფერი მიგვიცია და არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა შესაბამისი კომპანიების, გამარჯვებულების შერჩევა. რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიაა, გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ვერ გაფორმდებოდა თუ კომპანია იქნებოდა სანქცირებული. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. 

მკაცრად განსაზღვრულია  "ფიდიკის" ტიპის ხელშეკრულებები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვითარდება პროექტი და  მათ შორის რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და გარემოებები. 

სანქცირება, დაუშვათ, არ არის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საავტომობილო დეპარტამენტს ვთხოვე ღია წყაროებში გადაემოწმებინათ აღნიშნული კომპანიები იყვნენ თუ არა სანქცირებულთა სიაში და 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული კომპანია არცერთი არ იმყოფება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სანქცირებულთა ანუ შავ სიაში. მე მგონი ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი და ასეთი  რამ ბუნებაში  არ არსებობს" - ამბობს ქარსელაძე.

მსგავსი სიახლეები