შოვის მოხალისეების საინიციატივო ჯგუფი მუშაობას წყვეტს
შოვის მოხალისეების საინიციატივო ჯგუფი მუშაობას წყვეტს. მოხალისეებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლების პირველმა პირებმა მათი მუშაობა გააკრიტიკეს. მოხალისეების თქმით, მათი მისამართით ისმოდა დამაზიანებელი განცხადებები.
შოვის მოხალისეების საინიციატივო ჯგუფმა მუშაობა დღეს შეაჩერა, თუმცა, 15 აგვისტომდე ისინი გასცემენ ყველა იმ მარაგს, რაც ამ დრომდე შეგროვდა.
შოვის ტრაგედიის პირველივე დღიდან, აქამდე უცხო ადამიანები გავერთიანდით, რათა ჩვენი რაჭისა და მთელი საქართველოსთვის უმძიმესი დღეები მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა.
პირველივე დღიდან გვიერთდებოდნენ მოქალაქეები მთელი საქართველოდან. კაცებსა და ქალებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, მოჰქონდათ პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯარისკაცების, მაშველებისა და პოლიციელების მძიმე შრომა შეემსუბუქებინათ.
ხალხის თანადგომით, 5 აგვისტოდან დღემდე, სტიქიის ზონაში მცხოვრებ თუ მომუშავე ადამიანებს მაქსიმალურად მივეხმარეთ. რამდენადაც შესაძლებელი იყო, მოვიცავით ყველა - სტიქიით დაზარალებულები, გლოლაში მცხოვრები მოსახლეობა, გმირი მაშველები და ჯარისკაცები, რომლებიც სტიქიის შუაგულში ფასდაუდებელ შრომას ეწევიან.
სამწუხაროდ, ამ პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ხალხის ერთსულოვანი მხნეობისა და მოხალისეების მუხლჩაუხრელი შრომის პარალელურად, გვესმოდა დამაზიანებელი განცხადებები. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა სახალხო თანადგომა ხელისუფლებაზე ნეგატიური აღქმის შექმნის პროცესად აღიქვეს.
ახლა, როცა კრიტიკული პერიოდი გადავლილია და სტიქიის ზონაში გაჩნდა ალტერნატიული საველე სამზარეულო, გადავწყვიტეთ, 13 აგვისტოდან შევწყვიტოთ აქტიური ფუნქციონირება. 15 აგვისტომდე ჩვენ მიზნობრივად გავცემთ მარაგს, რაც ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით შეგროვდა.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ უნიკალური სახალხო პროცესის, თანადგომისა და სოლიდარობისთვის.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, ვაგრძელებთ სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას და იმედი გვაქვს, რომ შოვის ტრაგედია ქვეყანაში სისტემური ცვლილებების მომტანი გახდება და უსაფრთხოებისა თუ ფორსმაჟორული სიტუაციების დროს რეაგირებისთვის წინასწარ მზადყოფნისთვის შეიქმნება შესაბამისი მექანიზმები," - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.