"ყველა ცდილობს, რომ წავიდეს" - ემიგრანტების რიცხვი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

13.08.23 15:32
"ყველა ცდილობს, რომ წავიდეს" - ემიგრანტების რიცხვი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ემიგრანტების რიცხვი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. მხოლოდ 2022 წელს ქვეყაანა უკეთესი მომავლის შექმნის იმედით 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები სხვა ქვეყნებში სამუშაოდ მიდიან, რადგან საქართველოში უპერსპექტივობისა და დაუფასებლობის განცდა აქვთ. 

რიგითი მოქალაქეების გარდა ემიგრაციის გზას ირჩევენ საჯარო მოხელეები და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანებიც.

4 წელი ვისწავლე, გადავიხადე თანხა, ავიღე დიპლომი, გავიდა დრო, მაგრამ ჩემი პროფესიით სამსახური ვერსად ვიშოვე - ვმუშაობდი ხან მაღაზიაში, ხან კონსულტანტი ვიყავი. სამსახურები არ არის და თუ არის ანაზღაურება არ არის, გვიწევს შრომა და მაგიტომ გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი აქეთ. ვიმყოფები გერმანიაში, წელიწადი და 2 თვეა უკვე, აქ ბებოს ვუვლი. ყველა იძახდა, რომ აქ ვერაფერს ვერ ვშვრებით და ყველა ცდილობს, რომ წავიდეს და ელემენტარული საარსებო პირობები შეიქმნას,“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბელგიის სამეფოში, ანა ბალამწარიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბელგიამ საქართველო  უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა.

საერთო მაჩვენებლის აღრიცხვა და სტატისტიკურად დამუშავება რთულია - როგორც ხდება გადინება, რაღაც ნაწილის იძულებით შემოდინება ხდება უკან. ასეთი მასიური გადინება 90-იანი წლების მერე არ ყოფილა საქართველოდან. რიგებიც კი დგას, აღარ ვამბობ მექსიკის საზღვართან, ღამე ათენებენ ოჯახები, თავშესაფრის თხოვნაზე დადებითი პასუხის მიღებისთვის - ანუ პროცედურის დაწყება. აქ უკვე პოლიტიკურია. მას შემდეგ, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს, მომატებულია ორმაგად,“ - ამბობს ანა ბალამწარიშვილი.

მსგავსი სიახლეები