ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, აუცილებლად შევთანხმდებით - თურნავა

31.05.21 16:43
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, აუცილებლად შევთანხმდებით - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს რამდენიმე პლატფორმა შესთავაზეს, მათ შორის ევროკავშირის საერთაშორისო სპეცილისტის ჩართულობა. ნათია თურნავა ამბობს, რომ ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგე რიონის მცველებთან შეთანხმება აუცილებლად შედგება. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ადამიანებს, ვინც ადგილზე აპროტესტებენ ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ.

ერთი, ეს არის ექსპერტთა საბჭო, გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის ნდობით აღჭურვილ ექსპერტს, ვინც ამას ხეობაში აპროტესტებს, კონკრეტულად გადახედოს კვლევას და თავის რეკომენდაცია წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს. ყველა რაციონალური შენიშვნა გათვალისწინებული იქნება. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე, კაშხალი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება.

მეორე პლატფორმა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პირადად არის ჩართული და მალე ესტუმრება საქართველოს. მისი ფუნქციაა მედიაცია, ხშირად გვეხმარება ევროკავშირი მედიაციაში და ეს ნორმალური ცივილიზებული პრაქტიკაა.

იქ მდგომი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებენ ამ პროექტს, გულწრფელი კითხვები აქვთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან, ჩვენ, მთავრობაც მოწადინებულები ვართ, რომ გაძლიერდეს ჩვენი საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ადგილობრივი ენერგეტიკული რესური იყოს გამოყენებული, მათ შორის, ეს პროექტი კარგად შესრულდეს, ყველას ინტერესის დაბალანსებით. რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში”, - თქვა თურნავამ.