არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს - კალაძე

14.08.23 13:13
არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს - კალაძე

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე სპეკულაციის ნაწილს უწოდებს.

კალაძე ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია და არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის, რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, "ოცნების" ლიდერის თქმით, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს.

„ესეც სპეკულაციის ნაწილია. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის. ეს არის დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენება. რასაც ვხედავთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან სიბინძურეა. პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს, ყველაფერი გაირკვევა. სამუშაოები ერთი წუთით არ გაჩერებულა.

მერწმუნეთ, უმძიმესი ვითარებაა. შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ის მასშტაბები, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და მისი შესასრულებელი სამუშაოები, რაც იყო, გააკეთეს.

რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, წარმატებული მინისტრია. მინდა მას წარმატება ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოჯახური ტრაგედიების, სირთულეებისგან არავინ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, ყოველივე კარგი, მათ შორის, ვახტანგ გომელაურსაც და მის ოჯახის წევრებს“,- აღნიშნა კალაძემ.