ჭირისუფლებმა თუ პასუხები არ მიიღეს, გლოვას მოჰყვება გაბრაზება - ხუხაშვილი კალაძეს მიმართავს

14.08.23 14:45
ჭირისუფლებმა თუ პასუხები არ მიიღეს, გლოვას მოჰყვება გაბრაზება - ხუხაშვილი კალაძეს მიმართავს

"ჭირისუფლებმა თუ კომპეტენტური პასუხები არ მიიღეს, რას შეეწირნენ მათი ოჯახის წევრები, ამ გლოვის შემდეგ გაბრაზება მოვა," - ამ სიტყვებით მიმართავს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კახა კალაძეს. თბილისის მერმა კრიტიკა დღეს გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა, რა დროსაც კახა კალაძემ კვლავ ოპოზიცია გააკრიტიკა, ოპონენტები სტიქიით სპეკულირებაში დაადანაშაულა და ამის დამადასტურებლად საკუთარი ოჯახის მაგალითი მოიყვანა.

ხუხაშვილმა "დღის ამბებიდან" თბილისის მერს "ნიანგის ცრემლებით" ტირილის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მექანიკური გაერთიანებები არ ხდება არსად. გლოვის პერიოდში რაღაც ლოგიკა იყო. მაგრამ დიდი ბოდიში, გლოვას მოჰყვება მერე გაბრაზება, თუ შენ კითხვებზე პასუხებს არ იძლევი. მათ რა ჰგონიათ, რომ ეს ჭირისუფლები სულ ასე იქნებიან? მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჭირისუფლებმა თუ კომპეტენტური პასუხები არ მიიღეს, რას შეეწირნენ მათი ოჯახის წევრები, ამ გლოვის შემდეგ გაბრაზება მოვა. რა ჰგონიათ მათ, რომ ამ ოპოზიციას რომ ეთამაშებიან, ისე ეთამაშებიან ადამიანს, რომელმაც 9 წევრი ჩადო მიწაში. ერთმა ირინა ენუქიძემ წააქცია წინა ხელისუფლება და აქ ამხელა უბედურება დატრიალდა. ცინიკურად შეუძლიათ, მოირგო უსამართლოდ დაჩაგრულის მანტია და ნიანგის ცრემლებს ღვრის. კარგი რა კახი, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.