ხდება სტიქიით დაზარალებულებზე, როგორც მოწმეებზე ზემოქმედება - არგანაშვილი
"მოწმეებზე ხდება განმეორებითი ფსიქოლოგიური ძალადობა," - ასე აფასებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.
ანა არგანაშვილი ამბობს, რომ როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები შეიძლება შეფასდეს, როგორც სტიქიით დაზარალებულებზე, მოწმეებზე ზემოქმედებად.
არგანაშვილი განმარტავს, რომ ახლა, როდესაც გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს, მოწმეები არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც შოვის სტიქიას გადაურჩნენ - ამ ადამიანებმა იციან, რა მოხდა ადგილზე, როდის მივიდა ვერტმფრენი ან როდის გამოჩნდნენ მაშველები, როგორი იყო სახელმწიფოს რეაგირება სტიქიის დროს. ამ ფონზე, როდესაც მმართველი ძალის წარმომადგენლები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ზემოქმედებას ახდენენ მთავარ მოწმეებზე.
მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ ფსიქიკურ მდგომარეობას, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც ნახა იქ რა ხდებოდა, ეს არიან დაზარალებულები. დაზარალებულები ამბობენ, რომ ესმოდათ სხვა ადამიანების ყვირილი, იციან, როდის მოვიდა ძალა, იციან რა ხდებოდა, რა განიცადეს," - ამბობს არგანაშვილი.
არგანაშვილი განმარტავს, რომ მოწმეზე ზემოქმედებაც დანაშაულია და საშიშ ტენდენციად მიიჩნევს კობახიძის მსგავსი განცხადებების გაკეთებას, რადგან არგანაშვილის თქმით, ამ განცხადებით გამოძიებას ხელი უკვე შეეშალა.
ძალიან შემაშფოთებელია ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან. გარდა იმისა, რომ რაღაც შეიძლება იყოს მორალურად არასწორი, ამ ტრაგედიის გარშემო მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებას ჰყავს თავისი მოწმეები, თვითმხილველები, სწორედ თვითმხილველები არიან სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები, ვინც უნდა მისცენ ჩვენება და ამ ჩვენებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს იყო თუ არა უმოქმედობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ანუ დაირღვა თუ არა სხვა კანონი, სხვა უფლებები.
ამ თვითმხილველების დათრგუნვას ემსახურება, სამწუხაროდ, ხელისუფლების პირველი პირების და სხვადასხვა შტოს განცხადებები, რაც ჩვენი შეფასებით არის მოწმეზე ზემოქმედება. მოწმეზე ზემოქმედება არის ცალკე დანაშაულის ფორმა, ვინაიდან არ შეიძლება მოწმეს ხელი შეუშალო ისაუბროს მხოლოდ სიმართლე და სასამართლოს სიმართლე მიაწოდოს. რეალურად ძალიან საშიში ტენდენციაა, როდესაც მოწმეები შეიძლება დაშინდნენ და აღარ ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდებოდა იმაზე, შესაბამისად, გამოძიებას აუცილებლად შეეშლება ხელი უკვე გაკეთებული განცხადებებისგან, ობიექტურ გამოძიებასთან უკვე გვაქვს შეკითხვები - არ შეიძლება, რომ შსს თან პასუხისმგებელი იყოს რეაგირებაზე, თან გამოძიებას ატარებდეს, გარდა ამისა, ამ მოწმეებზე ხდება განმეორებითი ფსიქოლოგიური ძალადობა,“ - განაცხადა ანა არგანაშვილი.
ანა არგანაშვილის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს დაწყებული გამოძიებაც და საინტერესოა, რატომ არის დაწყებული ისეთი მუხლებით, რომელიც არ ითვალისწინებს სამოხელეო დანაშაულს, ხელისუფლების პასუხისმგებლობას.