სახელმწიფო, დიდი ალბათობით, არის კორუფციულ გარიგებაში ჩინურ კომპანიებთან - დათუნაშვილი
"სახელმწიფო, დიდი ალბათობით, არის კორუფციულ გარიგებაში ამ ჩინურ კომპანიებთან", - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა რიკოთთან მიმდინარე მშენებლობის და სოფელ ფუთის მცხოვრებლების მძიმე მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.
დათუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაღალჩინოსნები გარიგებულები იყვნენ გზის მშენებელ ჩინურ კომპანიასთან და სწორედ კორუფციული შეთანხმების გამო ზარალდებიან სოფლის მცხოვრებლები.
სხვა არაფერი არ ხსნის იმას, თუ ამ დონეზე როგორ შეიძლება ფეხებზე ეკიდოს მოსახლეობის ინტერესები. იმიტომ, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს მაშინ, როდესაც ამაში ფული აქვს აღებული - კორუფციული სერიოზული რისკი დგას. სხვანაირად აუხსნელია, რატომ შეიძლებოდა ამ ტერიტორიაზე, რომლის თავზეც სოფელია, თხრა აწარმოო არა ბურღვის, არამედ აფეთქებების გზით,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
რიკოთის უღელტეხილთან სახლები ინგრევა - ხალხი შველას ითხოვს. სოფელ ფუთის მკვიდრებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის გამო, მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავთ. თუმცა ბურღის ხმების ნაცვლად, ყოველ ნახევარ საათში ხალხს აფეთქებების ხმები ესმით. ბიძგები კი იმდენად მასშტაბურია, რომ სახლებს კედლები უკვე დაებზარათ, ჭერიდან ბათქაში ცვივა და შენობები დანგრევის პირასაა მისული.