ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი, სტიქია ხელისუფლებას დაბრალდეს... ცდილობენ დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის - პაპუაშვილი

14.08.23 22:07
ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი, სტიქია ხელისუფლებას დაბრალდეს... ცდილობენ დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის  - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის გამართლებას ცდილობს და ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანია, რომ შოვის ტრაგედია ხელისუფლებას დაბრალდეს, ამაში დაზარალებულებსაც იყენებს.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ამისთვუს იმედით უყურებს ნებისმიერ სატელიტურ სურათს და ხელმოსაჭიდს ეძებს. 

„დღეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ ოპოზიციამ და მობილურ ტელეფონებს, ეკრანს მიღმა  ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი, და გამოიწვიონ სიძულვილი და მათ შორის დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის. სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიის და დეზინფორმაციისა, რომელსაც პირველივე წუთიდან, როდესაც მაშველები იყვნენ მობილიზებული და ცდილობდნენ დახმარებოდნენ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყო იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის.

უკვე მე-12 დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად ეს ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს და იქნებ რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტული სურვილი გქონდეს, ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდევ რაიმენაირად დაამძიმო  და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ხალხი, ვინც შოვში სიკვდილს თვალებში უყურებდა, დღეს ხელისუფლებამ მატყუარებად გამოაცხადა.

"ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ სამი საათი ღვარცოფში გზას ვერავინ გაიკვლევდა და ვინც ამას ამბობს, იტყუება.