რატომ დაიწყო 3 საათის დაგვიანებით შოვში სამაშველო ოპერაცია? - ენმ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს და ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურისგან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის მოსმენას ელის.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სწორედ შს მინისტრია ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, ვისაც სტიქიის დროს სათანადო რეაგირება ევალება. რაც შეეხება შოვის სტიქიას, ანა წითლიძის თქმით, მინისტრისგან კონკრეტულ კითხვებზე ელიან პასუხს.
იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა, ოპოზიციაში თვლიან, რომ ინტერპელაციის წესით შეეცდებიან აჩვენონ საზოგადოებას, რა მოხდა შოვში და დააგვიანა თუ არა სახელმწიფომ რეაგირება.
კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც დასამალი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს. რამდენად დაგვიანებული იყო, ან იყო თუ არა სამაშველო სამუშაოები და რატომ დაიწყო 3 საათის დაგვიანებით? რამდენად არის სახელმწიფო მზად, რომ კიდევ თუ მსგავსი რამ დაემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მოახდინოს შესაბამისი პრევენცია. ეს არის ის კითხვები, რასაც დავუსვამთ შს მინისტრს და მოუწევს ინტერპელაციაზე გვიპასუხოს ამ კითხვებზე,“ - ამბობს ანა წითლიძე.