"ინსპექცია განახორციელებს დემონტაჟს" - კალაძე ღია კაფე-ბარების მფლობელებს აფრთხილებს
თბილისის მერი აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარების მფლობელებს აფრთხილებს. კახა კალაძის თქმით, ბიზნესის მფლობელებს ვადა 25 აგვისტომდე აქვთ და თუ ისინი კაფე-ბარების გარე სივრცეს არ მოაწესრიგებენ და სკამებს და მაგიდებს არ აიღებენ, მუნიციპალური ინსპექცია 25 აგვისტოს შემდეგ დაიწყებს დემონტაჟს.
გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს," - ამბობს კალაძე.
თბილისის მერის თქმით, აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება გართულებულია.
ჩვენ ვთქვით, რომ ვიძლევით კონკრეტულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის, პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ. დღეის მდგომარეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა იმისთვის, რომ მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, თავისი კაფე-ბარების არეალი. ეს ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ როგორც არის დღეს, ასე დარჩება და ასე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას, ტყუილია, არ გამოვა ასე, იმიტომ, რომ ჩვენთვის როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, იქ მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც იყენებენ აღნიშნული ქუჩის მონაკვეთს და ვიზუალურადაც გემოვნების თემაა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და თუნდაც შეფუთული," - ამბობს კალაძე.