ზეწოლა და შოვის სტიქიას გადარჩენილების ხელახალი ტრავმირება - მესამე სექტორი "ოცნების" იერიშზე

15.08.23 13:12
ზეწოლა და შოვის სტიქიას გადარჩენილების ხელახალი ტრავმირება - მესამე სექტორი "ოცნების" იერიშზე

ზეწოლა და შოვის სტიქიას გადარჩენილების ხელახალი ტრავმირება - მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების ახალი პროპაგანდა ერთ მიზანს ემსახურება - შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დააშინონ ადამიანები, ვინც საბედისწერო ღამით სიკვდილს თვალებში ჩახედა.  

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები შემაშფოთებელია და ყველაზე მეტად ხელს გამოძიებას შეუშლის, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა წინ ვერ მიდის.

გამოძიებამ უნდა შეიქმნას სურათი სწორედ მოწმეების ჩვენების საფუძველზე. თუკი "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადება არის მოწმეებზე ზეწოლა, ეს კიდევ ცალკე შეფასების საგანია, გამოძიებამ უნდა შეაფასოს ეს. არც კი მოუკითხიათ დაზარალებულები, მსხვერპლები ამ ხნის განმავლობაში, იმდენად დისტანცირებულები და შორს არიან ხალხისგან, ამაზე მიანიშნებს ის, რაზეც წუხილს გამოთქვამენ სწორედ გადარჩენილი ადამიანები," - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

უფლებადამცველის გოგა ხატიაშვილის თქმით, თუ მოქმეებზე შესაძლო ზეწოლა კიდევ გაგრძელდება, შესაძლოა, სტიქიას გადარჩენილებმა ჩათვალონ, რომ მათ მიერ ჩვენების მიცემას და სურათის აღდგენას გამოძიებისთვის ღირებულება არ ექნება. 

მსგავსმა განცხადებებმა შესაძლებელია, დაამძიმოს მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, გამოიწვიოს მათი ხელახალი ტრავმირება, მეორე მხრივ, შესაძლებელია, რომ ამ გამოძიების პროცესში მათ შეექმნათ სერიოზული ბარიერები და დაბრკოლებები საკუთარი ინტრესების და უფლებების დასაცავად. შესაძლოა, მათ დაკარგონ რწმენა გამოძიების მიმართ და ჩათვალონ, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენება ან ინფორმაცია არ იქნება ღირებული გამოძიებისთვის. ეს არის მათზე შესაძლო ზეწოლის მცდელობა და წინსწრებით ამ ადამიანების სავარაუდოდ, სიცრუეში დადანაშაულება," - ამბობს გოგა ხატიაშვილი.