მეზობელმა დარეკა, შოვი წაიღო და მთელი სოფელი გაიხიზნეთ, თორემ სოფელსაც წაიღებსო - გლოლას მცხოვრები
"მეზობელმა ქალმა დარეკა, შოვი წაიღო და მთელი სოფელი გაიხიზნეთ, თორემ სოფელსაც წაიღებსო," - ასე იხსენებენ სოფელ გლოლაში სტიქიის დღეს, 3 აგვისტოს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამეწყვრის საფრთხე მათ სოფელსაც ჰქონდა.
დღეს სოფელში გლოვაა, რამდენიმე საათში სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს დაკრძალავენ.
რაც სკოლა დაამთავრა, მას შემდეგ მუშაობს ჩვენთან - არაჩვეულებრივი პიროვნება - დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. პოვარი იყო, სასადილოში მუშაობდა, პირველი ტალღა რაც წამოვიდა, იმას გადაუარა.
სამი საათი იქნებოდა, სახლს ვალაგებდით და გუგუნის ხმა გავიგეთ, ჯერ ვიფიქრე, ეტყობა, ტრაქტორია, ან თვითმფრინავი, არაფერი. რძალმა გადაიხედა და წყალი უკვე მოდიდებული იყო. მერე შოვში მუშაობდა ჩვენი მეზობელი ქალი და იმან დარეკა, შოვი წაიღო და მთელი სოფელი გაიხიზნეთ, თორემ სოფელსაც წაიღებსო.
ისეთი დაბნეულები ვიყავით, ზოგი იქ შევარდა, ზოგი აქ, გამოვედით აქეთ მხარეს, პირველმა ტალღამ რომ ჩაიარა, მივხვდით, რომ ეს აქეთ საშიშროება არაფერი იყო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.