"თვითლუსტრაციას ეწევიან" - ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

15.08.23 15:10
"თვითლუსტრაციას ეწევიან" - ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

"ადამიანთა გარკვეული კატეგორია ჩასაფრებულია იმაზე, რომ ეს ტრაგედია აქციოს მისი ხვალინდელი წარმატების საფუძვლად," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლების კრიტიკას.

ქადაგიშვილისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართ გამოთქმული კრიტიკა და ამბობს, რომ მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. 

ირაკლი კობახიძეს რომელიღაც ჟურნალისტი უსვამს კონკრეტულ შეკითხვას და ირაკლი კობახიძე ამბობს - არ ვიცი, ამ ფაქტს სჭირდება გადამოწმება, არ ვიცი, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით - ამ შინაარსის პასუხს სცემს. აქედან გამომდინარე, ადამიანთა გარკვეული კატეგორია ჩასაფრებულია იმაზე, რომ ეს ტრაგედია აქციოს მისი ხვალინდელი წარმატების საფუძვლად. მხოლოდ და მხოლოდ, ცდილობს, რომ ნებისმიერი ტრაგედია, რომელიც შეიძლება გლობალურ საკითხთან იყოს დაკავშირებული, გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ამით ცდილობს და ფიქრობს ის, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერას მოიპოვებს, თვითლუსტრაციას ეწევიან,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.