ღარიბაშვილი სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მრჩევლად მთავრობაში მეორედ დაბრუნებამდე მუშაობდა

15.08.23 16:38
ღარიბაშვილი სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მრჩევლად მთავრობაში მეორედ დაბრუნებამდე მუშაობდა

ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწად-ნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ხელფასად 410 000 ლარი მიიღო. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში მეორედ დაბრუნებამდე მუშაობდა, ამ დროს კომპანია CEFC უკვე გახვეული იყო საერთაშორისო სკანდალში.

  • აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც მილიარდობით დოლარის გარიგებები დადო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში, სინამდვილეში „ფინანსური პირამიდა“ ჰქონდა აწყობილი;
  • მისი ერთ-ერთი დირექტორი 2017 წელს შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს აფრიკის 2 ქვეყნის მაღალჩინოსნების მოქრთამვისა და კორუფციის ბრალდებით;
  • კორპორაციის დამფუძნებელი კი 2018 წლიდან - მას შემდეგ, რაც ჩინეთში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს - გაუჩინარებულია.

CEFC-ის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში მისი აქტივები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, შევარდნაძის მთავრობის დროინდელ მინისტრთან, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გადაიბარა.