რატომ გახდა "ოცნების" მთავარი მოკავშირე ჩინეთი? - სქემა გაშიფრულია
რატომ გახდა "ოცნების" მთავარი მოკავშირე ჩინეთი? გაშიფრულია სქემა, რითაც ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთთან დიდი ფინანსური და პოლიტიკური ანგარიშვალდებულება გააჩნია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, 400 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიიდან. ეს ის კომპანიაა, სადაც ღარიბაშვილი პრემიერობის შემდეგ დასაქმდა, დიდი რაოდენობის ხელფასი აიღო, უკან, მთავრობაში მობრუნებულმა კი ქვეყნის ყველაზე მსხვილი ობიექტების რეაბილიტაცია სწორედ ჩინელებს ჩააბარა.
კომპანია, სადაც ღარიბაშვილი იყო დასაქმებული, საეჭვო რეპუტაციის მქონეა. მას წლების განმავლობაში ფინანსური პირამიდა ჰქონდა აწყობილი, ხელმძღვანელი ქრთამის გადახდისა და კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. CEFC-ის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ კი საქართველოში მისი აქტივები მინი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გადაიბარა. სწორედ ამ პერიოდში ხდება სკანდალში გახვეული ჩინური კომპანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი.