თუ ფიქრობთ, რომ 20 ივნისთან მიმართებით პოზიციას შევიცვლიდი, ცდებით - გახარია
გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით მოსაზრებები არ შეუცვლია. კითხვაზე, მიიღებდა თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას და გასცემდა თუ არა დარბევის ბრძანებას, გახარია პასუხობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად ანალოგიურად მოიქცეოდა. გახარიამ არ უპასუხა შეკითხვას, ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს დარბევის ბრძანება.
ნებისმიერ დროს ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა. საქართველოში ფიზიკური ძალადობით პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის მოწინააღმდეგე ვიყავი და ვიქნები. უაღრესად სამწუხაროა, როცა მსგავს შემთხვევებს ადამიანების დაზიანება მოჰყვება. რა თქმა უნდა , მაკო გომური ეს არის ტრაგედია, გეთანხმებით ამაში, მაგრამ მე წარმომიდგენია, რა მოხდებოდა მაშინ, როცა ეს მოძალადე რაზმები შეჭრილიყვნენ პარლამენტში.
სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება დაცვა, ასე შენდება სახელმწიფო და მე იძულებული ვიქნები, ეს გავაკეთო. თქვენ თუ ფიქრობდით, რომ მე პოლიტიკური პოზიციონირება შევიცვალე, 20 ივნისთან მიმართებით პოზიციას შევიცვლიდი, ან ამას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებდი, ძალიან ცდებით", - თქვა გახარიამ.
გახარიას თქმით, 20 ივნისს უკანონო ბრძანება არ გაცემულა.
ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა. არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ, არ მაქვს პრობლემა.
იმის მაგივრად, რომ სენსიტიური საკითხი ამ დისკუსიაში პოლიტიკური ანგაჟირებულობის ამბავში გამოიყენოთ, შეგიძლიათ, საგამოძიებო მასალებს გაეცნოთ - იყო თუ არა დათვის ტყვია, სჭირდებოდა თუ არა ბრძანების გაცემა", - განაცხადა გახარიამ.