არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია" - გახარია

31.05.21 18:59
არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია" - გახარია

იყო და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი? - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის კრიტიკას დღესაც თავს არიდებს: 

არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის კულტურის ნაწილია. სანამ ჩვენ ამ პოლიტიკური კულტურის არანორმალურობას არ დავამთავრებთ, ყოველთვის გვექნება მიდრეკილება კერპებისადმი. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა. ყველა ხელისუფლებას უჭირდა ინსტიტუტების გაძლიერება, რადგან ეს ნიშნავს პერსონალური გავლენების შემცირებას"- თქვა ექსპრემიერმა. 

მისივე განცხადებით, "არაფორმალური მმართველობა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია":

ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას. ეს ოპოზიციასაც ეხება. ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმ გადაწყვეტილების მისაღებად, შევიდეს პარლამენტში თუ არ შევიდეს, ჩავიდა უკრაინაში, რითი განსხვავდება, ეს სხვა არაფორმალური მმართველობაა?" - დასძინა გახარიამ. 

პარტია საქართველოსთვის ლიდერი იქვე აღნიშნავს, რომ "ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და საერთოდ პოლიტიკურ პროცესებზე უაღრესად დიდი იყო".

ეს მასაც აღიარებული ჰქონდა. გავლენები, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც, მე არ ვიცი, ალბათ ახლაც აქვს, სულ უფრო უნდა ჩანაცვლებულიყო გაძლიერებული ინსტიტუტებით. სამწუხაროდ, ინსტიტუტების გაძლიერება დღესაც არ ხდება"- თქვა მან.