სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა - კობახიძე
"სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძემ ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც განმარტა და განაცხადა, რომ როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ 3 აგვისტოს სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
"მთელი ღამის განმავლობაში დრონები, მათ შორის ღამის ხილვის აპარატურით, ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ამის საფუძველზე გრძელდებოდა მუდმივ რეჟიმში სამაშველო სამუშაოები. ერთადერთი თემა იყო ვერტმფრენები და ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც უნდა განიმარტოს, რომ როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს.
შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი პილოტებს აქვთ ისეთივე საფრთხე ფრენის დროს, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხილვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას. თუმცა ასეთი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შორის ადამიანების, ცხედრების იდენტიფიცირება, შესაძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არ შეჩერებულა. სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის.
პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც, ალბათ, პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ, ბუნებრივია, ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას", - განაცხადა კობახიძემ.