Naec-ის უარი აბიტურიენტს - გამოცდების ცენტრი ომბუდსმენს პასუხობს
გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველს პასუხობს. საქმე ეხება სახალხო დამცველის აპარატის მიმართვას Naec-ის მიმართ, სადაც ომბუდსმენმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, წელს ომბუდსმენის რეკომენდაცია შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა.
დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს.
აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს”, — განმარტავს ცენტრი.