ივანიშვილისგან წამოსული მოთხოვნაა, კარგად დაინახეს, რომ კობახიძის სარკაზმი ჩაიფუშა - გეგელია

17.08.23 11:34
ივანიშვილისგან წამოსული მოთხოვნაა, კარგად დაინახეს, რომ კობახიძის სარკაზმი ჩაიფუშა - გეგელია

"თვით ირაკლი კობახიძე, რომელიც არის უტიფრობის და სარკაზმის მწვერვალი ქართულ პოლიტიკაში, ისიც კი იხევს უკან, იმიტომ, რომ მას ასე უთხრეს," - ამ განცხადებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აკეთებს.

გეგელია დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძის მხრიდან სტიქიას გადარჩენილი ჯელაძეების მიმართ ბოდიში, მხოლოდ და მხოლოდ, იმით არის გამოწვეული, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს უკან დახევისკენ უბრძანეს. 

„ქართულმა ოცნებამაც“ კი მორიგ ჯერზე დაიხია უკან, როდესაც გაიგო ნამდვილი ხალხის ნამდვილი ხმა, როცა დაინახა ნამდვილი ხალხის ძალა, ეს არის ის იშვიათი შემთხვევათაგანი, პირველი თუ არა, როდესაც თვით ირაკლი კობახიძე, რომელიც არის უტიფრობის და სარკაზმის მწვერვალი ქართულ პოლიტიკაში, ისიც კი იხევს უკან, იმიტომ, რომ მას ასე უთხრეს. რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილისგან ან კიდევ სხვა ძალებისგან წამოსული პირდაპირი მოთხოვნა, იმიტომ, რომ ყოველთვის იტესტება რეაქციები და ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ კობახიძის სარკაზმი ამჯერად სრულად ჩაიფუშა და ჩავარდა, იმიტომ, რომ ხალხი არის ძალიან გაბრაზებული და ითხოვს პასუხებს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,“ - ამბობს გეგელია.