"დაგვცინიან, ყურადღებას არ გვაქცევენ" - სოფელ ფუთის მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ელის

17.08.23 13:14
"დაგვცინიან, ყურადღებას არ გვაქცევენ" - სოფელ ფუთის მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ელის

აქცია რიკოთთან - სახიფათო ზონაში მცხოვრები სოფელ ფუთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან რეაგირებას უშედეგოდ ელოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ რიკოთთან ჩინური კომპანიის მიერ გვირაბის გაყვანა მათ სახლებს ანგრევს და სიცოცხლისთვის საშიში გახდა სოფელში ყოფნა.

რიკოთის გვირაბთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ პრობლემებზე არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ რეაგირებენ.

ჩვენი ბინის ქვეშ გადის 16-დან 20 მეტრში გვირაბი. ყოველდღე ვართ შიშის, ნერვიულობის ქვეშ. გვყავს ბავშვები. თითოეული დღე რომ გავათენოთ ჩვენს ბინებში უკვე ჯოჯოხეთად გვექცა. გვეშინია, რომ ბინა თავზე არ ჩამოგვენგრეს. მივმართეთ, როგორც საგზაო დეპარტამენტს, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის. ასე, რომ ვთქვათ, საცინლად გვიგდებენ, ყურადღებას არ გვაქცევენ,“ - ამბობს სოფელ ფუთის მკვიდრი.

დილიდან სოფელ ფუთის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. ისინი ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ, მიზეზი კი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაცია და იქ მიმდინარე აფეთქებებია. ადგილზე მომუშავე ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი პირდაპირ სოფლის ქვეშ გაჰყავს, ამის გამო ადგილობრივების თქმით, ბიძგები იმდენად მასშტაბურია, რომ სახლებს კედლები დაებზარა ჭერიდან კი ბათქაში ცვივა.