რაჭაში მთავრობის მიერ ჩაყვანილი გეოლოგები მოსახლეობას შეხვდნენ - მედია სოფელ გლოლაში არ შეუშვეს
რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრა დასრულებულია - „ქართულმა ოცნებამ“ სტიქიის ეპიცენტრში გეოლოგები და გარემოს სააგენტოს ის თანამშრომლები ჩაიყვანა, ვინც ამტკიცებს, რომ უპრეცედენტო სტიქია 8 წუთში, წინაპირობების გარეშე განვითარდა და პრევენცია შეუძლებელი იყო.
შეხვედრას მედია არ ესწრებოდა, რადგან სოფელ გლოლასთან შესასვლელში პოლიციას ბლოკ-პოსტი აქვს მოწყობილი და მედიას გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
ადგილობრივებს კი "პირველების" ინფორმაციით, აინტერესებდათ რა მოხდა შოვში, რამდენად იყო შესაძლებელი პრევენცია და ახლა რას აკეთებს მთავრობა, რომ მსგავსი ტრაგედია თავიდან იყოს არიდებული.
გვაქვს ისეთი ხეობები, მდინარეები, რომლებმაც ღვარცოფით იცის მოვარდნა და საშიშროება ემუქრება სოფლის ტერიტორიას. ეს ხეობები გვინდა მეტად იყოს ყურადღება მიქცეული,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები და ვიდეო მასალა მთავრობის PR-მა გაასაჯაროვა.
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაისვა შეკითხვები, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული სტიქია. რა საკითხები დგას დღის წესრიგში. არის თუ არა სხვა რისკ-ფაქტორები,“ - ამბობს ონის მერი.
გაგრძელდება მონიტორინგი ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა გამოირიცხოს დამატებითი საფრთხეები, რომელიც როგორც წესი თანმდევი პროცესია ხოლმე. რაიმე საფრთხე მყისიერი და ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. მდინარე ჭანჭახსა და რიონზე გვაქვს შესაბამისი დონე-მზომები, რომელიც ახდენს მონიტორინგს წყლის, რომელიც მდინარეში მოედინება, შესაბამისად, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესს. დაახლოებით, 2-3 კვირის განმავლობაში გვექნება საბოლოო დასკვნა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი,“ - ამბობს გეოლოგი.