3 მილიონზე მეტი თბილისობისთვის - მერიის უტენდერო შესყიდვას, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა
3 მილიონზე მეტი თბილისობის დღესასწაულისთვის - მერიის ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ თბილისობის დღესასწაული "ქართული ოცნებისთვის" წელსაც ფულის კეთების მარტივ გზად რჩება.
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის თქმით, თბილისის მერიის მიერ ხარჯებთან დაკავშირებული ახსნა-განმარტება კრიტიკას ვერ უძლებს.
ყველგან, სადაც შესყიდვა ხდება ტენდერის გვერდის ავლით ბუნებრივია არსებობს კორუფციული რისკები, მით უფრო, როდესაც საქმე გვაქვს თბილისის მერიასთან და კახი კალაძესთან. ის დასაბუთება, რომელსაც თბილისის მერია იძლევა უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ვიღაცას აქვს სურვილი, რომ ტენდერის გარეშე შეასრულოს კონკრეტული მომსახურება, რომელშიც ჩვენი ჯიბიდან უნდა გადაიხადონ 3 მილიონ ლარზე მეტი", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე.
"გირჩი - მეტი თავისუფლებაში" უტენდერო შესყიდვის საჭიროებას ვერ ხედავენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ფესტივალამდე თვეზე მეტია დარჩენილი.
ეს არის ჩემთვის პარტიული კულტურული მუშაკების დასაქმების ერთ-ერთი წლიური ივენთი, რისი დიდი მოყვარულიც მე არ ვარ. მე ასეთი ტიპის ხარჯებს პატივს არ ვცემ, მე მინდა, რომ ადამიანს საკუთარი ფული უბრუნდებოდეს ბევრად უფრო ეფექტური გზით. შესყიდვის მსგავსი ფორმა მე არ მგონია აუცილებლობა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე თვეა დარჩენილი თბილისობამდე, რომ ასე სწრაფი ტემპით იქნეს შესყიდვები განხორციელებული, ამის აუცილებლობას მე რაღაც სასწაულ სპეციფიკაში, თბილისობაში ვერ ვხედავ", - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი, ცოტნე კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს დედაქალაქში მერია "თბილისობის" დღესასწაულის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს. ტრადიციულ ღონისძიებაში, რომელიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, ქვეყნის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თუმცა ეს მილიონები სავარაუდოდ ხელისუფლების ახლო გარემოცვის ჯიბეში წავა, რადგან კალაძის გადაწყვეტილებით თბილისობის ღონისძიება ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ჩატარდება, ანუ დაიხარჯება იმაზე მეტი, ვიდრე ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში დაიხარჯებოდა.