ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ამ ქალბატონის შეშფოთება - "ვივა მედი" ანა ფოტიგას პასუხობს

18.08.23 11:55
ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ამ ქალბატონის შეშფოთება - "ვივა მედი" ანა ფოტიგას პასუხობს

მე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ამ ქალბატონის შეშფოთება - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სრულად შეესაბამება სტაციონარის პირობებში მკურნალობას.

მეტიც, ჩხაიძე ამბობს, ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია და თავად პაციენტიც უფრო აქტიურია.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია. საყურადღებო რჩებოდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენ განმეორებითი კვლევის შედეგადაც ვნახეთ და ყველა მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული. რაც შეეხება პაციენტს, ის უფრო აქტიურია, ჩივილებსაც ნაკლებად წარმოადგენს, კვების რაციონი, რა თქმა უნდა, სრულად მაინც არ ხდება გათვალისწინება, მაგრამ არის კვების მხრივაც გაუმჯობესება და მე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ამ ქალბატონის შეშფოთება. საყურადღებო აქ რჩებოდა სისხლის მაჩვენებლები, შედარებით ნორმაზე უფრო დაბალი იყო, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და შეიძლება ითქვას, რომ მაჩვენებლები აშკარად გამოსწორებულია, პაციენტი იღებს უფრო მეტი რაოდენობითაც საკვებს, მაგრამ არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რისი რეკომენდაციასაც ჩვენ ვაძლევთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს. შესაბამისი კალორაჟით საკვების მიღება პაციენტის მხრიდან არ ხდება და ნაკლებად ხდება გათვალისწინებული იმ კალორაჟის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მას. ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოცემულობები, ლაბორატორიული კვლების შედეგები და ეს პარამეტრები, რაც მას გააჩნია, სრულად შეესაბამება სტაციონარის პირობებში მკურნალობას", - ამბობს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.

ევროპარლამენტარი და პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანნა ფოტიგას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ევროპელი დეპუტატის ტვიტერზე წერს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.