5 მსხვილი ნავთობკომპანიის დაჯარიმება შემაკავებელი ფაქტორი არ არის - გოცირიძე

18.08.23 15:47
5 მსხვილი ნავთობკომპანიის დაჯარიმება შემაკავებელი ფაქტორი არ არის - გოცირიძე

"ეს გადაწყვეტილება მათთვის არ არის შემაკავებელი ფაქტორი - კიდევ ხუთი-ათი წლის განმავლობაში შეუძლიათ იგივე გააკეთონ და დააჯარიმონ 600-700 ათასი ლარით" - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე საწვავის რეალიზატორების დაჯარიმების ფაქტს.

რომან გოცირიძის თქმით, დაჯარიმების ფაქტორი სიგნალია კომპანიებისთვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შეუძლიათ იგივე გაიმეორონ და ამის შემდეგ შესაძლოა ხელისუფლებამ კვლავ დააჯარიმოს ნავთობკომპანიები.

"ეს გადაწყვეტილება მათთვის არ არის შემაკავებელი ფაქტორი და ფაქტობრივად, ეს არის სიგნალი იმისა, რომ კიდევ ხუთი-ათი წლის განმავლობაში შეუძლიათ იგივე გააკეთონ და მერე ვიღაცას გაახსენდება, შეამოწმებენ და დააჯარიმებენ 600-700 ათასი ლარით, რომელიც 300 ათასი დოლარიც კი არ არის, თუ გავყოფ იმ კომპანიებზე ამ 5 მილიონს იმ რაოდენობაზე, ვისზეც ეს ჯარიმა ჩერდება. ეს არ არის საკმარისი მექანიზმი, მაშინ, როდესაც 2015 წელს 55 მილიონით იქნა დაჯარიმებული იგივე კომპანიები და შემდეგ სასამართლო გზით ფაქტობრივად ჩაიფარცხა ეს საქმე", - ამბობს "ევროოპტიმესტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ვისოლი, ლუკოილი, სოკარი, გალფი და რომპეტროლი 4 მლნ-მდე ლარით დაჯარიმდა. სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.