ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნოს - დავითაია
რუსულ პასპორტებს დასავლეთისთვის ფარატინა ფურცლის ფასი აქვს. ხალხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან, ვინც რუსული პასპორტი აიღო შვეიცარიაში ვერასდროს შევა. ასეთია ოფიციალური ბერნის პოზიცია. იგივეს აკეთებს ევროკავშირი. როდესაც დასავლეთი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დარიგებულ რუსულ პასპორტებს ბლოკავს.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტორს რუსეთის ტყვეობაში მოქცეული ხალხის რეინტეგრაციისთვის. აპირებს თუ არა გაამარტივოს ამ ადამიანებისთვის ქართული პასპორტების აღება, რომ მათ ჩვენი ქვეყნის დოკუმენტებით ევროპაში უვიზოდ გადაადგილება შეძლონ.
ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ქართველებს, რომლებსაც აქვთ რუსული პასპორტები და არიან შეზღუდვების ქვეშ დაუბრუნოს მოქალაქეობა.
"ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები და შესთავაზოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, როცა დაიწყო კონფლიქტები მათ ჰქონდათ საბჭოთა კავშირის პასპორტები და ჩაწერა საქართველოს რესპუბლიკაში, შევთავაზოთ მათ, რომ ვისაც აქვთ საბჭოთა კავშირის პასპორტები ან ვინც აიღო რუსული პასპორტები და არის შეზღუდვების ქვეშ, მოგვმართონ და საქართველომ მისცეს მათ მოქალაქეობა, უფრო სწორად კი არ მისცეს, დაუბრუნოს მოქლაქეობა. ამით, ეს იქნება კიდევ ერთი მესიჯი იმისკენ, რომ ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საქართველოს პასპორტები საქართველოს მოქალაქეობა არის მათი თვითმყოფადობის, აფხაზების და ოსების თვითმყოფადობის გადარჩენის მექანიზმი", - ამბობს პაატა დავითაია.