განცხადება იმაზე, რომ ეს გარდაუვალი იყო, ვინ გამოიძია? - ნაცვლიშვილი
„გარდაცვლილი ადამიანები იმსახურებენ სიმართლეს, რომ გაირკვეს რა მოხდა, დანარჩენი საზოგადოება იმსახურებს გარანტიებს იმისა, რომ ხვალ ჩვენც არ გველოდება იგივე,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
დეპუტატი სრულ პასუხისმგებლობაში შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკისრებს და იმ ჩავარდნებზე საუბრობს, რაც მთავრობამ ბოლო დღეებში გამოავლინა.
განცხადება იმაზე, რომ ეს გარდაუვალი იყო და სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებდა, ვინ გამოიძია ეს. ექიმთან რომ მივდივართ, კარებში არ ვართ შესული და დიაგნოზს გვისვამს? რატომ არსებობს სამედიცინო კვლევები?
ასე წარმოებული გამოძიება არაფრამდე არ მივა. გვყავს უზარმაზარი მსხვერპლი - ცენტრალური კითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი არის ის, სახელმწიფოს რეაგირება იყო თუ არა ეფექტიანი, დროული და სწრაფი იმისთვის, რომ არ გვყოლოდა ასეთი მაღალი მსხვერპლი. სისხლის სამართალში ამას ჰქვია შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიება. ეს გამოძიება არსად არ მივა, იმიტომ, რომ რეაგირებაზე მთავარი უწყება იყო შსს ერთ-ერთი ქვედანაყოფი ანუ უწყების ერთი ხელი იძიებს უწყების მეორე ხელა სწორად იმოქმედა თუ არა, ეს გამოძიება სანდოობას აღძრავს, ფორმალურადაც კი კანონი უკვე დარღვეულია. გამოძიება ძალიან გამიზნულად ვიწროდ მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ დიახ, დანაშაულია ჩადენილი და ხელისუფლება ცდილობს მის დამალვას,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ სტიქიიდან მე-16 დღეს ხელისუფლების დუმილი იმის მანიშნებელია, რომ მთავრობას იმედი აქვს შოვში დატრიალებული ტრაგედია მალე სხვა თემებით გადაიფარება. „ლელოს“ დეპუტატისთვის უმნიშვნელოვანესია კითხვებზე პასუხების მიღება და თვლის, რომ გამოძიება უფრო ფართო კუთხით უნდა წარიმართოს და მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელებიც ჩაერთონ.
18 აგვისტოა დღეს და ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია ხელისუფლების არცერთი რგოლის მხრიდან გზავნილი საზოგადოების მისამართით, რომ ისინი მიიღებენ ყველა ზომას მომავალში მაინც პრევენციის, მონიტორინგის და ეფექტური რეაგირების სისტემის შესაქმნელად. არიან ახლა გაჩუმებულები, მთელი გათვლა არის იმაზე, რომ ემოციებისგან დავიღლებით, მივიწყებას მიეცემა ეს თემა, მერე ახალი თემები გაჩნდება და ასე გადაივლიან ამას.
პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საკითხი სისხლის სამართლის წესითაც იყოს გამოძიებული საკითხი, მაგრამ უფრო ფართო გამოძიებაა საჭირო, სადაც სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, მათ შორის, შესაძლოა ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებს ეთხოვოს დახმარება, უფრო ფართო რაკურსითაც აუცილებელი იქნება, სწორედ იმისთვის, რომ სამომავლოდ პრევენცია განხორციელდეს სახელმწიფოს პოლიტიკის და პრაქტიკის დონეზე," - ამბობს ნაცვლიშვილი.