რუსეთის მოქალაქეები ქართულ მიწებს კანონის გვერდის ავლით ყიდულობენ - როგორ მუშაობს სქემა

18.08.23 20:00
რუსეთის მოქალაქეები ქართულ მიწებს კანონის გვერდის ავლით ყიდულობენ - როგორ მუშაობს სქემა

 

დაცლილი ქართული სოფლები რუსებით ივსება. იმ ქართველების მიწებს და სახლებს, ვინც სიდუხჭირის გამო იძულებით ემიგრაციაში გაიქცნენ, რუსები ეპატრონებიან. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები სისტემატურად ყიდულობენ ქონებებს უკვე სოფლებში. გაზრდილი მოთხოვნის გამო, თითქმის გაორმაგებულია სახლებისა და მიწის ნაკვეთების ფასები რეგიონებში. ღირებულება 15 ათასიდან 135 ათას დოლარამდე მერყეობს. რუსულენოვანი "მაკლერები" კარდაკარ დადიან, აგროვებენ განცხადებებს გასაყიდი ქონების შესახებ და შემდეგ საიტებზე ათავსებენ. 

კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა რუსებმა აქაც "შავი ხვრელი" მოძებნეს. შუამავალი მიწას ჯერ სტატუსს უცვლის და ამის შემდეგ უკვე მის შეძენას დაინტერესებულ პირს სთავაზობს. არანაირი შეზღუდვა რუსებს ამ სქემის განხორციელებაში არ აქვთ. სახელმწიფომ ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. რუსებმა უკვე შეიძინეს ათი ათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთები და სახლები აჭარასა და გურიაში.