საშიში მშენებლობა მდინარე არაგვის კალაპოტში - არსებობს დატბორვის საშიშროება
ხელისუფლება, რომელსაც ტრაგედიებმა ვერაფერი ასწავლა - საშიში მშენებლობა პირდაპირ მდინარის კალაპოტში. არაგვის ნაპირზე ოთხსართულიან სასტუმროს წყლიდან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს. სამშენებლო სამუშაოები აქ უკვე დასრულებულია, ახლა მხოლოდ შენობის რემონტი მიმდინარეობს. არაგვის ჭალაში სასტუმროს მშენებლობა ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განხორციელდა, პროექტი კი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ძლიერი ნალექი ამ ადგილისთვის განაჩენის ტოლფასი იქნება, რადგან შესაძლოა, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდეს და მთელი ტერიტორია დატბოროს. ეს არის დანაშაული - ამბობენ გეოლოგები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ არაგვის ხეობა კიდევ ერთი ტრაგედიის ეპიცენტრად იქცეს. ამიტომ დუშეთის მერიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.