სტიქია სტეფანწმინდაში - დაწყებულია ოჯახების ევაკუაცია

18.08.23 20:13
სტიქია სტეფანწმინდაში - დაწყებულია ოჯახების ევაკუაცია

 

სტეფანწმინდაში განგაშია. მთელი დაბა ახლა გეოლოგების დასკვნის მოლოდინშია. ერთი ოჯახის ევაკუაცია უკვე მოხდა. კიდევ რამდენიმე ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. სტეფანწმინდაში მთელი დღეა ძლიერად წვიმს და სტიქიის განმეორების საშიშროებაა. გუშინ მთებიდან დაძრულმა მეწყერმა ღვარცოფული მასა სტეფანწმინდაში ჩამოიტანა. განადგურებულია სახნავ-სათესი ნაკვეთები და რამდენიმე სახლი დაზიანებულია. მოსახლეობა შეშინებულია, რადგან უამინდობა სტეფანწმინდაში გრძელდება. 

სინოპტიკოსები ხვალაც ცუდ ამინდს პროგნოზირებენ. მათ შორის ძლიერ წვიმას და წყალმოვარდნებს. გეოლოგები ადგილზე მუშაობენ და სავარაუდო საფრთხეებს სწავლობენ. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, დამცავი ღონისძიებებია დასაგეგმი, თუმცა  გუშინ ჩამოწოლილმა მეწყერმა აჩვენა, რომ დრო ხელისუფლებას არა აქვს  და სტიქიის განმეორების შემთხვევაში მოსახლეობა შესაძლოა, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.