შეზღუდვა ოკუპირებული რეგიონებისთვის - როგორ გამოიყენებს ვითარებას საქართველოს მთავრობა?

18.08.23 20:24
შეზღუდვა ოკუპირებული რეგიონებისთვის - როგორ გამოიყენებს ვითარებას საქართველოს მთავრობა?

 

ოკუპირებული რეგიონები დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში ექცევა. რუსული პასპორტი უკვე ნიშნავს გზას მხოლოდ ერთი მიმართულებით - რუსეთისკენ. ევროპამ ოკუპირებული აფხაზეთისთვის და ცხინვალისთვის კარი ჩაკეტა. ევროკავშირის შემდეგ უკვე შვეიცარიამაც მიიღო გადაწყვეტილება და ოფიციალური ბერნი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და  ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ზონა დაიხურა.

ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებს ამ ვითარებას საქართველოს ხელისუფლება. ეს არის რეალური შანსი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის. ქართული პასპორტი ერთადერთი გზაა, თავი დაიხსნან რუსული ტყვეობისგან და ევროპაში უვიზოდ მოხდნენ. მთავარია, რას შესთავაზებს მათ ოფიციალური თბილისი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პირველი ნაბიჯი ქართული პასპორტების გამარტივებული წესით აღება უნდა იყოს.