ფიქრობენ, რომ შოვის ტრაგედიამ ელექტორალური უპირატესობა არ დააკარგვინოს - ნიკა მელია
„ფიქრობენ, რომ შოვის ტრაგედიამ ელექტორალური უპირატესობა არ დააკარგვინოს ან არ დაზიანდნენ,“ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობის წევრების განცხადებებს ხაზს.
ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება შოვის ტრაგედიის დროსაც კი პროპაგანდას იყენებს.
რაც შეეხება სამაშველო ოპერაციას, რომელიც სახელმწიფომ წამოიწყო, პირველი 24 საათი არის გადამწყვეტი. პირველი სამი საათი თვითონაც არ უარყოფენ, რომ მათ ზომები არ და ვერ მიიღეს. მთელი აქცენტი გადაიტანეს, რომ ვერტმფრენი ვერ შეფრინდებოდა, რომ იყო საშიში, აი, როდესაც ავაფრინეთ ვერტმფრენი თვეების წინ, ხომ დაიღუპნენ, აქაც იგივე პროპაგანდა აქვთ. გულსატკენია, რომ პროპაგანდის ორომტრიალში გახვიოს ხელისუფლებამ ის ყველაფერი, რაც მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ გავიაზროთ, ხვალ და ზეგ არ ვართ დაზღვეული, რომ სხვა რეგიონში შეიძლება იგივე მოხდეს,“ - ამბობს მელია.
მელიას თქმით, შესაბამისი მონიტორინგის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო რისკისა და მსხვერპლის მინიმიზება.
მნიშვნელოვანია ორ კომპონენტზე ვისაუბროთ - პრევენციული ღონისძიებების გატარება და სახელმწიფოს როგორ უნდა განეხორციელებინა სამაშველო ოპერაციები. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ორივე კომპონენტში სერიოზული ჩავარდნები იყო, პირველი კომპონენტი მთლიანად ჩავარდა, მეორეში სერიოზული ჩავარდნები იყო.
ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ, რომ რომელიღაც მწყემსა ან მესაზღვრემ შენიშნა წყლის შემცველობის მატება. ოფიციალური უწყება აფრთხილებდა განცხადებით მოსახლეობას. დავიდა ეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტამდე და თუ დავიდა მოსახლეობა იქნა გაფრთხილებული? ასევე, მყინვარულ მდინარებზე მონიტორინგული სისტემები რომ უნდა დამონტაჟებულიყო, ამაზე მეცნიერებს აქვთ ნასაუბრები,“ - ამბობს მელია.
მელიას თქმით, ჩავარდნაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი თანხების მიუხედავად, წინასწარი შეტყობინებების სისტემები დაყენებული არ არის.
ამ დროს ხელისუფლება ცდილობს, რომ ძალიან ბინძურად, ამორალურად ამ უბედურებას მოარგოს გარკვეული პროპაგანდა და ის ბუნებრივად გაჩენილი კითხვები ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში და არა მხოლოდ, მონათლოს, როგორც დესტრუქცია. არადა, მიმაჩნია, რომ უნდა გავაგრძელოთ ხმამაღლა საუბარი ამ საკითხზე, რომ დავსვათ შეკითხვები,“ - ამბობს ნიკა მელია.