ჩინეთი რუსეთს ვერტმფრენებს, თვითმფრინავებსა და ლითონს აწვდის - The Telegraph
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის კომპანიებმა ათიათასობით პროდუქტი ჩინეთიდან მიიღეს - ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს.
საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ სარაკეტო დანადგარებს, ჯავშანტექნიკას და სტრატეგიულ ბომბდამშენებს. ამ კომპანიების ნაწილს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
The Telegraph საკუთარი კვლევის გარდა, ეყრდნობა კვლევითი ორგანიზაცია Molfar Global-ის ინფორმაციას, რომ ომამდე ორი თვით ადრე ჩინეთის კომპანია Shantou Honghu Plastics-მა რუსეთში ათასი დრონი გაგზავნა.
ბრიტანული გამოცემის კვლევით დადგინდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის პირველ კვარტლამდე ჩინურმა ფირმებმა ოპტიკური სამიზნეები გაუგზავნეს 50-ზე მეტ რუსულ კომპანიას. ამ პროდუქციის იმპორტი 2022 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.