"პერიმეტრი არის გაზრდილი, კინოლოგები მუშაობენ" - რა ხდება შოვში
"სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება," - ეს განცხადება რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ გააკეთა.
მარგველაძის ინფორმაციით, სამძებრო არეალი გაფართოვდა. ამ ეტაპზე 6 მოქალაქეს ეძებენ.
ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება.
პერიმეტრი არის გაზრდილი. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის.
მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე არ შეფერხებულა საძიებო სამუშაოები. დარჩენილია კიდევ მიწის მცირე ფართობი დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება სამუშაოები. მიწის მასისგან გასუფთავება მიმდინარეობს და პარალელურად კინოლოგები მუშაობენ, სადაც ხდება სამძებრო სამუშაოები," - თქვა მარგველიძემ.
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, შოვში სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე 6 ადამიანს ეძებენ.