90-იანებში "ვაზვრატზე" თანხას რომ ითხოვდნენ, ამის ლეგალიზაცია გააკეთა მერმა - მოქალაქეები თბილისი პარკინგზე
რეპრესიული მიდგომები პარკირების წესებში - მოქალაქეები სისტემას ამხელენ. ტაქსის მძღოლის ერთი მძიმე ისტორიის გასაჯაროების შემდეგ, მძღოლები მერიას დაქვემდებარებულ უწყებას ფულის უკონტროლო კეთებაში ადანაშაულებენ.
საქმე იქამდეც მიდის, რომ მოქალაქეების მანქანები სახლთან არსებული სადგომებიდან პირდაპირ საჯარიმოებზე გადაჰყავთ. 150-ლარიან პირველად ჯარიმას, დამატებით კიდევ ოცი ლარი ემატება თითოეულ დღეზე, მანამ, სანამ მანქანის მფლობელი ავტომობილს საჯარიმოდან არ გაიყვანს.
"პირველების" რესპონდენტები ამბობენ, რომ ქალაქის ზოგიერთ უბანში, საპარკინგე ზოლი ისეა დავიწროებული, რომ წესების დაცვა სულ უფრო რთული ხდება.
ჩვეულებრივ, როგორც ვაყენებ ხოლმე, ყოველდღე სახლის წინ, ისე დავაყენე ავტომობილი. ერთხელაც, ღამით 1 საათზე მესიჯი მომივიდა, რომ თქვენი ავტომობილი გადაყვანილია დაცულ პარკინგზე. ჩამოვედი, ავტომობილი აღარ დამხვდა. ისეთ ადგილზე ეყენა, ფიზიკურად ხელს არაფერს უშლის. 10 წელი, რომ ერთ ადგილზე აჩერებ და უცბად რომ მანქანას წაიყვანენ, წაყვანა შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც ხელს არ უშლიდეს და მომთხოვეს 150 ლარის გადახდა ადგილზე, დროსაც არ გაძლევენ. 90-იანების ჟარგონს გამოვიყენებ, რომ მანქანას რომ იპარავდნენ და "ვაზვრატზე" კრიმინალები რომ გთხოვდნენ თანხის თუ არადა, მანქანას არ გიბრუნებდნენ, იმავეს ლეგალიზაცია გააკეთა თბილისის მერმა და მანქანები მიჰყავთ, იპარავენ და მერე ოფიციალურად კანონის ფარგლებში გვთხოვენ ამ თანხას, ჯიბე, რომ გაივსონ, რისთვის გააკეთებენ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მოქალაქეები თბილისი პარკინგს უპირისპირდებიან - მიზეზი ტაქსის მძღოლი გახდა, მოხუცი, რომელმაც რამდენიმე წუთით ავტომობილი გზაზე გააჩერა, მაღაზიიდან გამოსულს კი ადგილზე თბილისი პარკინგის თანამშრომლები დახვდნენ. უმძიმესი კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.