პირბადე დახურულ სივრცეში და ვაქცინაცია - როგორ უნდა ებრძოლოს მთავრობა COVID-19-ის გაზრდილ სტატისტიკას

20.08.23 15:39
პირბადე დახურულ სივრცეში და ვაქცინაცია - როგორ უნდა ებრძოლოს მთავრობა COVID-19-ის გაზრდილ სტატისტიკას

არსებობს თუ არა კოვიდ პანდემიის მორიგი ტალღის საფრთხე და რა სტრატეგია აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდის შესაჩერებლად - დღიურად დადასტურებული მაჩვენებელი უკვე 300-ის ფარგლებში მერყეობს. ამას ემატება ახალი ქვე ვარიანტიც - EG-5, რომლის აგრესიულობაზეც, ჯერჯერობით, მწირი ინფორმაციაა ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ახალ შტამს მარტივად გავრცელება ახასიათებს. 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები "პირველებთან" ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი საქართველოში ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, უკვე გავრცელებულია, თუმცა, ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

როგორ უნდა მოქმედებდეს ამ დროს ხელისუფლება - ქირურგი ლევან ფერაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია, რომ სტატისტიკა აწარმოოს ჯანდაცვის სამინისტრომ. რაც შეეხება, კოვიდის გაზრდილ შემთხვევებს, ფერაძის რეკომენდაციაა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დაბრუნდეს. 

მართლაც მომატებულია კოვიდი, ამას ჩვენს გარემოცვაშიც ვხედავთ - კლინიკებიდან დაწყებული, საახლობლოში, სამეზობლოში. ჯანმოს მონაცემით, არის ახალი შტამი ომიკრონის - ე.წ. EG-5. არ არის გამორიცხული, რომ ეს შტამი საქართველოში იყოს შემოსული, იმიტომ, რომ გახურებული ტურისტული სეზონია, მიგრაციული პროცესებია. ისიც კი არ ვიცით დაზუსტებით, ამ შტამს სწარფი ტესტი აფიქსირებს თუ არა. პირველ რიგში, უნდა წარმოებდეს სტატისტიკა, რაც არ ხდება და რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ გარკვეული დამცავი ზომები, თუნდაც დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების შემოღება თავიდან, ალბათ, აუცილებელია,“ - ამბობს ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ფერაძე.

კოვიდის გავრცელება პანდემიურ ხასიათს რომ არ მიიღებს, ამას ვარაუდობს ვახტანგ კალოიანი. ექიმის რეკომენდაციაა, რომ რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია გაგრძელდეს. 

რაოდენობა მოიმატებს ცალსახად, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს პანდემიური ხასიათის იყოს. იმ ეტაპზე, რაც ახლა მონაცემი გვაქვს, ამის საფრთხე არ არის. უბრალოდ არის მატება ვირუსული ინფექციის. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებზე, ასაკოვან თანამოქალაქეებზე - სასურველი იქნება ვაქცინაცია,“ - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

 

მსგავსი სიახლეები