"რუსოფობიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა გამოიწვია რუსეთი" - არძინბამ ზელენსკი სააკაშვილს შეადარა
"რუსოფობიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, ზელენსკიმ გამოიწვია რუსეთი," - ასე ადარებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთს.
არძინბამ ვიდეომიმართვაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს შეადარა და პარალელი გაავლო ზელენსკისა და სააკაშვილის დამოკიდებულებებს შორის რუსეთთან მიმართებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელის თქმით, 2008 წლის 8 აგვისტო არის „საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დღე“, რომელიც საქართველოს ისტორიაში „სამარცხვინო“ დღედ დარჩება. ინალ არძინბას თქმით, 2008 წელს სააკაშვილმა "ივარაუდა, რომ მას შეეძლო რუსეთის დამარცხება", მაგრამ 15 წლის შემდეგ "ის აღმოჩნდა ციხეში თავისივე სამშობლოში - თანაც ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ".
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, არძინბა ზელენსკის „რუსოფობიის მორიგ მსხვერპლად" მოიხსენიებს.
დღეს რუსოფობიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა, ზელენსკიმ გამოიწვია რუსეთი. იმის გამო, რომ არ ჰქონდა საჯარო მმართველობის გამოცდილება, დაუდევრად და არაპროფესიონალურად, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, საფრთხე შეუქმნა უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას. დასავლელმა კურატორებმა, თავიანთი ხალხების ბუნებრივი წნეხის გამო, უკვე დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტისგან დისტანცირება. და სად იქნება ზელენსკი 15 წლის შემდეგ? კითხვა რიტორიკულია“, - განაცხადა ინალ არძინბამ.