რატომ გადაიყვანეს ტაქსის მძღოლის მანქანა საჯარიმოზე - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განმარტება
ტაქსის მძღოლის ავტომობილის საჯარიმო სივრცეში გადაყვანას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ეხმაურება.
უწყების ინფორმაციით, საჯარიმოზე გადაყვანის დროს მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა, მივიდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი ევაკუატორზე იყო დამაგრებული და თბილისი პარკინგის წარმომადგენლები უკვე მიდიოდნენ.
ამასთან, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ ტაქსის მძღოლს მანქანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე ჰქონდა გაჩერებული, ასევე არ ჰქონდა განთავსებული შესაბამისი შშმ პირის საცნობი ნიშანი, რომელიც სპეციალურ ადგილზე დგომის უფლებას მისცემდა.
კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“.
რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ქმედებით ხორციელდება ბიუჯეტის შევსება, განვმარტავთ, რომ ჯარიმა წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას და შესაბამისად, კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია როგორც ჯარიმები, ასევე სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა.
ჯარიმის შედგენა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებია სამართალდარღვევის სიმწვავე, ხოლო როცა მოქალაქეებს გადაადგილებაში ან უსაფრთხოებაში ხელი ეშლებათ, კანონი ითვალისწინებს ავტომანქანის ევაკუაციას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადგილებზე არაუფლებამოსილი პირის დაჯარიმება და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ემსახურება პრევენციას და წარმოადგენს კანონით დადგენილ ნორმას.
რაც შეეხება ტელეკომპანიის განცხადებას, თითქოს დამრღვევი პირი ადგილზე იმყოფებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოც, სადაც ცხადად ჩანს, რომ თანამშრომლებს დასრულებული აქვთ ევაკუაციის პროცესი, ყველანი განთავსებულნი არიან ევაკუატორში და მიემართებიან საჯარიმო სადგომისკენ.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ჯარიმა იძულებითი ღონისძიებაა, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, იზღუდება სხვათა უფლებები ან საფრთხე ექმნება მოქალაქეთა გადაადგილებას. იგი წარმოადგენს წესრიგის დაცვისა და პრევენციის ყველაზე ქმედით ინსტრუმენტს.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურთან და ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუისა და ცილისწამების პროპაგანდას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.