ისაუბროს ივანიშვილზე, რომელმაც მინი ოლიგარქების მმართველობა შექმნა - ოპოზიცია გახარიას მხილებაზე

01.06.21 11:36
ისაუბროს ივანიშვილზე, რომელმაც მინი ოლიგარქების მმართველობა შექმნა - ოპოზიცია გახარიას მხილებაზე

გიორგი გახარიას მხილება - მინი ოლიგარქებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ოპოზიცია ექსპრემიერისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელზეც გახარია საუბრობს, სწორედ მთავრობის მეთაურის პოსტზე მისი მუშაობის პერიოდში ყვაოდა. 

კორუფცია და ნეპოტიზმი რომ ყვავის თურმე დღეს საქართველოში, ვისი პრემიერობის დროს ხდებოდა ეს? შემთხვევით გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ხომ არა?!

ყველამ იცის, რომ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი მინი ოლიგარქების მეშვეობით იმართება, ივანიშვილის თაოსნობით. 

საჭიროა ამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, მით უფრო მაშინ, როცა ამბიცია გაქვს ოპოზიციაში შემოსვლის"- თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, გახარიას მიმართავს, კონკრეტული მაგალითებით ისაუბროს, ვის გადაუკეტა "კარები". 

უნდა თქვას, ვის და რაზე გაუწია წინააღმდეგობა. ღობე-ყორეს მიდება არასერიოზულია"- ამბობს ელისაშვილი.

თაკო ჩარკვიანი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს ბიძინა ივანიშვილზე საუბრისკენ მოუწოდებს. 

ისაუბროს ივანიშვილზე, რომელმაც ეს კლანური მმართველობა შექმნა. არავინ ტყუვდება, აქ ერთი კლანი ებრძვის მეორეს. გახარია მხოლოდ ,,ოცნების" ხმებს წაიღებს, სხვას ვერაფერს"- თქვა ჩარკვიანმა. 

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კავშირში მყოფი ბიზნესმენები სახელმწიფოს არაფორმალურად მართვის მცდელობაში დაადანაშაულა. 

"მე სადაც მქონია შესაძლებლობა, იქ ეს კარები დამიკეტია" -  ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში გავლენიან პირებზე, უწყობდნენ თუ არა ხელს უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და ვანო ჩხარტიშვილი, რომ ქვეყანაში კორუფციული რისკები გაჩენილიყო.  გახარიას თქმით, ის კორუფციულ რისკებს აკავებდა, თუმცა მეტი კონკრეტიკა არ გაუკეთებია.