განმეორდება შოვი და სოფელი ანაგა სასაფლაოდ გადაიქცევა - ვიდეომიმართვას ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს
"განმეორდება შოვი და სოფელი ანაგა სასაფლაოდ გადაიქცევა,“ – ვიდეომიმართვას ერთ-ერთი მოქალაქე ნინო გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გოგოლაშვილი ამბობს, რომ სოფელი ანაგა ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა, მიზეზი კი 8 ჰექტრის ფართობზე მიწის მოჭრაა.
გოგოლაშვილი მიმართავს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სახალხო დამცველს, რომ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ. გოგოლაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ფაქტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს და დილით 9 საათზე ანაგის სკოლასთან მისვლას ურჩევს.
ანაგას ძირი გამოცლილი აქვს, 8 ჰექტარზეა საუბარი. ჩინელები ახორციელებენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოფელი ანაგის ბოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მდებარე 8 ჰა უკვე მოჭრილია, გატანილია მიწა, ძირი აქვს გამოცლილი ანაგას.
მივმართავ ყველა ანაგელს, თქვენი ოჯახის, შვილების, შთამომავლობის მნიშვნელობის საქმეა, გამოცხადდით ხვალ სკოლასთან, გააპროტესტეთ ფაქტი და იქნებ ჩადგეს კალაპოტში ეს პროცესები.
მივმართავ სიღნაღის მერს, ბატონო მალხაზ, დადექით ანაგელების გვერდით. ასევე მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა აქტივისტს, ნანა ბაგალიშვილს, გთხოვთ მიდით ანაგაში, ანაგაში განმეორდება შოვი, იქცევა სასაფლაოდ. ვიცი, ბევრს გეშინიათ მაგრამ დაძლიეთ.
მივმართავ სახალხო დამცველს, გთხოვთ ჩადით ანაგაში, არ დაიზაროთ“ - ამბობს ნინო გოგოლაშვილი.