ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში, სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას - სოფო ჯაფარიძე ახალ კამპანიას იწყებს
"ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას - გამარჯვების კამპანიას, ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ამ გზით "ნაციონალური მოძრაობა", ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიას იწყებს. სოფო ჯაფარიძის თქმით, კამპანია იწყება ბათუმიდან. ის წერილობით მიაწვდის მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეების პოზიციებს.
თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.
მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება, მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე,“ - ამბობს ჯაფარიძე.
სოფო ჯაფარიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ის ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის მზადაა.
მივმართავ ნაციონალური მოძრაობის თითოეულ მხარდამჭერს - მიხეილ სააკაშვილის იმ ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტობის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის,“ - ამბობს ჯაფარიძე.