ახალი შეტევა NGO-ებსა და ოპოზიციურ პარტიებზე - "ოცნების" სატელიტი ორგანიზაცია აუდიტს შემოწმების მიზნით მიმართავს
ბრძოლის ახალი ტალღა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ - აუდიტის სამსახურმა, შესაძლოა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ანგარიშების შემოწმება დაიწყოს. სამიზნე "ნაციონალური მოძრაობა", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური ჯგუფია.
"რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი" მთავარ აუდიტორს მათი ფინანსების და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირის შესწავლას სთხოვს. თუმცა, ორგანიზაციას ამ მოთხოვნაში არცერთხელ უხსენებია მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.
სახეზეა პარტიების მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნის გზით, ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც მათ მისცემთ საშუალებას კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ დაფინანსების მიღება. ეს შეეხება რამდენიმე პარტიას, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი - მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო, დროა, მოქალაქეები ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი. მათ აქვთ, პოლიტიკური დღის წესრიგი, კონკრეტული პოლიტიკური დავალება და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა იყოს, როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აუდიტის სამსახურმა აღნიშნულ საკითხი უნდა გამოიძიოს. ნეტარ არიან მორწმუნენი, თქვენ გჯერათ და იყოს ეგრე, მაგრამ მე მაქვს ჩემი პირადი კონფესია, რასაც ვაფიქსირებ და მე არანაირ ფინანსებს არ ვიყენებ მთავრობისთვის, არ ვიყენებ არანაირ გრანტს იმისთვის, რომ მთავრობის პოზიციები გავამყარო და გარდა ამისა, მე არ მაქვს არანაირი კვეთა მთავრობასთან. მე ვაკეთებ განცხადებებს, რომელიც არის ჩემთვის სწორი და მისაღები. გამოიკვლიონ, გამოიძიონ სხვა ორგანიზაციებიც", - ამბობს რეგიონალური განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე.