"ხალხის ძალა" სინამდვილეში ივანიშვილია - ლემონჯავა რეპრესიების ამოქმედებას არ გამორიცხავს
"დროას" წევრი გიგა ლემონჯავა არ გამორიცხავს, რომ რეპრესიული მექანიზმები, რასაც "ხალხის ძალა" აანონსებს, ამოქმედდეს.
ლემონჯავა ამბობს, რომ ხალხის ძალა სინამდვილეში ივანიშვილია, რომლის უკან კრემლი დგას და სწორედ კრემლის ამოცანაა, რომ საქართველოში კრიტიკული აზრი უნდა ჩაახშოს.
"არავითარი ხალხის ძალა სინამდვილეში არ არსებობს, ეს არის ივანიშვილი და ივანიშვილის უკან დგას კრემლი. ანუ კრემლის პოზიციაა, რომ საქართველოში კრიტიკული აზრი უნდა ჩაახშოს. სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ ეთანხმებიან არსებულ პოლიტიკურ ხაზს და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი ეს არის რუსული წარმომადგენლობა საქართველოში და იბრძვიან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის, მათი განეიტრალების ამოცანა აქვთ ყველაფრის ფასად. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ეს რეპრესიული მექანიზმები, რასაც ხალხის ძალა აანონსებს ამოქმედდეს. არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებს უკანონოდ იჭერდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ჩემი აზრით ეს პოლიტიკა გაგრძელდება კიდევაც", - გიგა ლემონჯავა.
"ქართული ოცნების" დანაყოფი "ხალხის ძალა" ყველას ციხეში გაშვებით ემუქრება, ვინც არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს ან ილაპარაკებს. ქართული ოცნების სატელიტები ოპოზიციას, არასურველ მედია მენეჯერებსა და ენჯეოების ხელმძღვანელებს დაჭერით ემუქრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ მათზე, ვინც ქუჩაში იდგა და 2020 წელს არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. ხალხის ძალა გავრცელებულ განცხადებაში უპირსპირდება ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებსაც. გამოცდილ დიპლომატებს ანტიდასავლურად განწყობილი დეპუტატები ქართველი ხალხის მოტყუებასა და პოლიტიკური კრიზისის გამოგონებაში ადანაშაულებენ.