„დაგუგლონ“ რატომ წაუყენეს ტრამპს ბრალი, ივანიშვილის ეს პროექტი - ხალხის ძალა - ჩავარდა - დეკანოიძე

21.08.23 14:43
„დაგუგლონ“ რატომ წაუყენეს ტრამპს ბრალი, ივანიშვილის ეს პროექტი - ხალხის ძალა - ჩავარდა - დეკანოიძე

„ხალხის ძალის“ წევრებს მოვუწოდებ, „დაგუგლონ“, რატომ წაუყენეს ბრალი ტრამპს, „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა", - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე საპარლამენტო უმრავლესობის მუქარას ოპოზიციის მიმართ.

საქმე ეხება "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც "ქართული ოცნებისგან" ფორმალურად გამიჯნულები პროკურატურას ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიამენეჯერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებენ.

„დაგუგლონ“ და წაიკითხონ, რატომ წაუყენეს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს. „ხალხის ძალაში“ ბიძინა ივანიშვილმა ჩადო საკმაოდ დიდი რესურსი და ის მოიაზრებოდა „ქართული ოცნების“ განაყოფად, რომელსაც არჩევნებზე პრორუსული ამომრჩევლის (ძალიან ცოტა) ხმები უნდა წაეღო. ახლა გვაქვს მოცემულობა, როცა რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა, „ხალხის ძალა“ ვერაფერს იზამს არჩევნებზე, ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ივანიშვილის ეს გაკოტრებული პროექტი საბოლოოდ გაპარტახებულია, სწორედ ამიტომ ცდილობენ გაკოტრებული პოლიტიკოსების განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ. რეპრესიებს მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვიმეორებ ეს არის ივანიშვილის გაკოტრებული პროექტი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე „ქართული ოცნების“ ინიციატივებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, არათუ „ხალხის ძალა“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებაც“ დაკარგავს ძალაუფლებას, ამიტომაც ახლა ცდილობენ, ეს წინასაარჩევნო წელი იყოს ისტერიის და პოლიტიკური ეგზეკუციის მიმართულებით ძალისხმევის,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები